ფილმი, რომელსაც კორეელი ჟურნალისტები იღებენ, საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს – მილიონობით მაყურებელი რთვლის უძველეს ტრადიციებს, ღვინის 8-ათასწლიან კულტურას და ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს – ქართული გასტრონომიით გამოხატულ სტუმართმოყვარეობას აღმოაჩენს.
EBS ("იბიეს") Korea – სამხრეთ კორეის რეიტინგული, შემეცნებითი სამაუწყებლო არხია. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ უკვე მეორე დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ.
EBS Korea-ის დოკუმენტური ფილმების რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნიკალურ ტრადიციებს, კულინარიასა და ღირსშესანიშნაობებს ეძღვნება. სამაუწყებლო არხის წარმომადგენლები კახეთში ლომთაძეების მარანს ესტუმრნენ – მასპინძელმა სტუმრებს ყურძნის კრეფისა და დაწურვის უძველესი ტექნოლოგია გააცნო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, EBS Korea-ს წარმომადგენლები კახეთის გარდა, თბილისის ტურისტულ ადგილებს, სამცხე-ჯავახეთს, სვანეთს, სამეგრელოსა და იმერეთს ეწვევიან. ისინი ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს გადაიღებენ.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული ფილმი გადაცემა World Theme Travel-ში გავა – დოკუმენტური ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი