06 აგვისტო 2026,   09:04
ვრცლად
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში არის ჩართული ქართული დელეგაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი.

"პირველადი ჯანდაცვის განხორციელების პოლიტიკური ეკონომიკა: ძირითადი საკვანძო ცვლილებები" - ამ სახელწოდებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკები. საუბარი იყო ეროვნული სტრატეგიების ფორმირებაზეც.

"პირველადი ჯანდაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებზე რეაგირებაში. პირველადი ჯანდაცვა არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, არამედ ეროვნული ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის საფუძველია მაკრო დონეზე. საქართველო სრულად იზიარებს ამ ხედვას. ამ პრინციპებით ხელმძღვანელობით, ჩვენ განვახორციელეთ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენი პირველადი ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

მათ შორის გამოირჩევა უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა პირველადი ჯანდაცვის სერვისებსა და ქრონიკული დაავადებების აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა. დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა, გავაძლიერეთ ოჯახის ექიმების როლი, გავაფართოვეთ არაგადამდები დაავადებების სკრინინგი და მართვა და ინვესტიციები ჩავდეთ ციფრულ ჯანდაცვის პლატფორმებში, რისთვისაც ასაკზე მორგებული, შედეგებზე დაფუძნებული სისტემა დაინერგება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 120 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

საქართველო იწყებს ციფრული ჯანდაცვის მასშტაბურ რეფორმას, ნერგავს ახალ ტელემედიცინის ინსტრუმენტებს და ავითარებს ციფრულ შესაძლებლობებს სოფლად. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ რესურსებით შეზღუდულ გარემოშიც კი, პოლიტიკური ნება, ინკლუზიური მმართველობა და გლობალურ ჩარჩოებთან შესაბამისობა ტრანსფორმაციას შესაძლებელს ხდის.

ნება მომეცით, გამოვყო სამი საგანი. პირველი, პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინვესტირება არის როგორც ჯანდაცვის პრიორიტეტი, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური არჩევანი. მეორე, განხორციელება მოითხოვს გაბედულ პოლიტიკურ ცვლილებებს, ოჯახის ექიმებისა და ექთნების გაძლიერებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრირებას და ციფრული ინოვაციების გამოყენებას. მესამე, თანასწორობა უნდა დარჩეს ცენტრში, რაც უზრუნველყოფს, რომ სოფლის მოსახლეობა, ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული ან იშვიათი დაავადებების მქონე პირები მიიღებენ უწყვეტ, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას, ისე, რომ არავინ დარჩეს უყურადღებოდ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები