06 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
გემოვნება, ხელოვანთა ხედვა, კულტურის იდენტობა, პირადი გრძნობები, ისტორიები, მთელი შემოქმედებითი გზა ექსპონატებად ქცეულ სამოსში - უნიკალური სასცენო კოსტუმები "კურიერი P.S."-ის ობიექტივში
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია ბალეტმაისტერის პირადი ნივთები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და სასცენო კოსტუმები. "კურიერი P.S."-მა გადაიღო ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმიც, სადაც ასევე უნიკალური სასცენო კოსტუმები ინახება. თითოეული მათგანი კონკრეტულ პერსონაჟსა და ეპოქას უკავშირდება.
 
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სცენაზე აღარ გამოიყენება, განიხილება როგორც ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც კულტურის, თეატრისა და მოდის ინდუსტრიის კვლევისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ანი გენებაშვილი გააცოცხლებს თავის რეპორტაჟში სასცენო კოსტიუმებს გასული საუკუნიდან.

რამდენი სასცენო კოსტიუმიცაა, იმდენივე გმირია, დეტალები კი გმირის ბედის განმსაზღვრელი - იყო დრო, როცა თითოეულმა მათგანმა დიდი ოვაციები დაიმსახურა, მერე ვახტანგ ჭაბუკიანის გარდერობიდან გადაინაცვლა და მუზეუმში დაიდო ბინა.

გემოვნება, ხელოვანთა ხედვა, კულტურის იდენტობა, პირადი გრძნობები, ისტორიები - მთელი შემოქმედებითი გზა ექსპონატებად ქცეულ სამოსშია. ამბობენ, რომ ბალეტში ქსოვილი მოძრაობის გაგრძელებაა, ჰაერში მოცეკვავე გმირის ენერგიას ამძაფრებს, სილუეტს ერთ დიდ ამბად აქცევს.

ცეცხლის ცეკვა 18 წლის ჭაბუკიანის პირველი დადგმაა, წითელ ტუნიკაში გამოწყობილი თავბრუდამხვევი ცეკვით, მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი განაცხადით. ხელოვანთან ერთად, რეპრესიების მსხვერპლი გახდა ყველა ის ნივთი, რომელიც რეჟიმისთვის შეუსაბამოდ მიაჩნდათ,

რაიმონდა, ლაურენსია, კარმენი, დონ კიხოტი, ბაიადერა, ოტელო-ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო ნივთებიდან მხოლოდ ნაწილი შემორჩა. 1973 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაჩენილმა ხანძარმა თითქმის ყველა რეკვიზიტი გაანადგურა. დარჩა ის, რაც პირად გარდერობში ინახებოდა. გადარჩა ზაქარია ფალიაშვილისთვის ყველაზე ძვირფასი, პირველი დადგმების მოსასხამი - როცა ქართული თეატრი ეროვნულ სახეს იძენდა, ოპერის პრემიერებზე, საკონცერტო გამოსვლებზე ინტელექტუალის უნიფორმად აღიარებული შავი ფრაკით ჩნდებოდა. ევროპული მიმართულების კომპოზიტორი, ეროვნული ოპერის ფუძემდებელი, კულტურის ლიდერი - პროფესიული სტატუსის სიმბოლო კიდევ უფრო ხაზგასმული იყო.

აბესალომისა და ეთერის ხასიათს დეტალები განსაზღვრავს, ქუდი, სარტყელი მკაცრ ავტორიტეტს ნიშნავს, ოქროს ელემენტები საგვარეულო სტატუს.

ეთერის კაბა აბრეშუმის ორნამენტებით, ნაქარგებით, სინაზეს და ელეგანტურობას განსაზღვრავს.

როცა სინათლე ქრება, მუსიკა ჩერდება, მხოლოდ კოსტიუმი რჩება, როგორც ეპოქის სული, მთავარი დეკორაცია. ამბის ნარატივი მათი მეშვეობით ყალიბდება. მუზეუმს შეხიზნული ექსპონატები კი ფუნქციადაკარგულად არ ითვლება, რადგან თანამედროვე მოდის ინდუსტრიას განსაზღვრავს.

ავტორი: ანა გენებაშვილი

დღის ამბები