08 აგვისტო 2026,   15:41
ვრცლად
4 ოქტომბრის მოვლენებზე გამოძიება გრძელდება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 15 პირი დააკავა

ძალადობრივი მოწოდების გამო მარიამ მეყანწიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, კიდევ 15 პირი დააკავა. უწყებამ ის ვიდეომტკიცებულებებიც გაასაჯაროვა, სადაც დაკავებულების მიერ ჩადენილი კანონდარღვევებია ასახული. კადრებში ჩანს როგორ უსწორდება პოლიციელს ფიზიკურად რამდენიმე პირი. 4 ოქტომბრის მოვლენების დროს 35 პოლიციელი დაშავდა.

საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. გეკა გელაძის განცხადებით, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა შსს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ დაიწყო.

ხელისუფლების დამხობის გარდა, დაკავებულებს ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, ნივთის დაზიანება ან განადგურება ედებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საღამოს, ათონელზე, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები ძალის გამოყენებით დააზიანეს და შემდეგ შენობის დაკავება სცადეს, თუმცა საპოლიციო ღონისძიების შემდეგ საფრთხე განეიტრალდა.

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებულები დღეს ადვოკატებმა მოინახულეს.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ვიდეო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" ირწმუნებიან, რომ კონკრეტული გეგმა ძალადობრივ ქმედებებს არ ითვალისწინებდა. 4 ოქტომბრის აქციის დაკავებული ორგანიზატორების თანაპარტიელები, საპრეზიდენტო რეზიდენციის შტურმზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ გაფრთხილების მიუხედავად, კონკრეტულმა პირებმა მძიმე სამართალდარღვევის ჩადენა გადაწყვიტეს.

პოლიციამ, ამ დრომდე, 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირის გამო 62 პირი დააკავა. პატიმრობაში იმყოფება აქციის 5 ორგანიზატორიც. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ფონზე, შესაძლოა დამნაშავე პირთა წრე კვლავ გაფართოვდეს.

დღის ამბები