06 აგვისტო 2026,   09:15
ვრცლად
ვერშემდგარი დამხობის გეგმის გარშემო, შსს გამოძიებას განაგრძობს - განსასჯელის სკამზე აქციის 60-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი ზის და გამორიცხული არაა, ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს

ვერშემდგარი დამხობის გეგმის გარშემო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განაგრძობს. კანონმა კიდევ 16-ს მიაკითხა, სისხლის სამართლის სამართლებრივი პროცედურები უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება.

დაკავებულ პირთა წრე ფართოვდება, ოპოზიციაში კი მორიგი ხიდჩატეხილობის მიზეზად სწორედ ვერშემდგარი რევოლუცია იქცა. 15 დღის შემდეგაც, ოპოზიციური სპექტრი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს. თავის გადარჩენის მიზნით კი, დანაშაულებრივ უფსკრულში ახლა ერთმანეთის გადაჩეხვას ცდილობენ. კითხვა ბევრია, მათ შორის ისიც: სად შედგა არშემდგარი დამხობის გეგმა და ჰქონდათ თუ არა მთავარ ორგანიზატორებს კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან? სანამ ბურჭულაძე-ზოდელავა გამოძიების კითხვებს დუმილით პასუხობდნენ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დანაშაულებრივ საქმეში როლი თამარ ჩერგოლეიშვილმა არგუნა. "ფედერალისტების" ლიდერის განცხადება კი, მალევე, დაკითხვის საფუძველი გახდა. ჩერგოლეიშვილმა შავით თეთრზე დაწერილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშეც დაადასტურა და თქვა, რომ ძალადობრივი მოვლენების უკან სწორედ ბაჩო ახალაია იდგა, ყველაფრის საქმის კურსში კი მიხეილ სააკაშვილიც იყო.

რა კავშირი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს 4 ოქტომბრის რევოლუციურ სცენართან? ბაჩო ახალაიამ და მისმა მეუღლემ გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს. "ნაციონალური მოძრაობის" დროს არაერთი დანაშაულის ჩამდენმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრამდე პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას შეხვდა. თუმცა ახალაიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილს ტყუილში ადანაშაულებს. ანი ნადარეიშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ გეგმასთან თავისი მეუღლის კავშირს უარყოფს. "ფედერალისტების" ლიდერის ბრალდებები მიუღებელი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვისაც".

"ნაციონალური მოძრაობისგან" უარყოფა ბევრი გვახსოვს, მათ შორის ისიც, რომ ჯერ დამხობის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს, ფიასკოს შემდეგ კი ნათქვამი უარყვეს და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამ გზას დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი კახა კვეკვესკირიც, რომელმაც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა. აქტივისტი ამტკიცებს, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა თან არც იმას უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად იმ ოფისში იმყოფებოდა, სადაც საპროტესტო აქცია იგეგმებოდა.

რაზე შეიძლება ესაუბროს ოპოზიციის მხარდამჭერი რევოლუციური გეგმის ორგანიზატორს ყოველდღიურად? კითხვაზე პასუხი ალბათ მარტივი გასაცემია, თუმცა კვეკვესკირის მსგავს სტრატეგიას ირჩევს ოპოზიციის კიდევ ერთი მხარდამჭერი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ძალადობრივ გეგმასთან კავშირს უარყოფს, მაგრამ არც იმას მალავს, რომ პაატა ბურჭულაძესთან კომუნიკაცია ყოველდღიურად ჰქონდა.

ვინ იყო ჩართული და ვის რა როლი ჰქონდა 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვის პროცესში? სანამ საგამოძიებო უწყება კონკრეტული პირების შესაძლო დანაშაულს სწავლობს, ხელისუფლების კვალი "ქართული ოცნების" ყოფილ წევრამდე მიდის. მთავრობის მეთაური სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მთავარი შუამავალი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თანხის მიმღებად დაასახელა.

კანონს თავს რომ ვერავინ აარიდებს, ამას სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს კიდევ ერთხელ განუმარტავს. პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სინქრონიზებული იყო. 4 ოქტომბრებს, 4-ზე, "ნეპალის სცენარი" ჩავარდა.

ოპონენტების პოლიტიკური ამნეზია არ უკვირს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტიაში ოპოზიციის შეცვლილ სტრატეგიას თავის გადარჩენის მეთოდად აფასებენ. თუმცა მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა, პასუხს კანონის წინაშე აგებს.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაქცეულები თავს კანონს ვერ აარიდებენ, კანონდარღვევას პასუხი სწორედ კანონით გაეცემა - ამ მიზნით კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება რამდენიმე მუხლით გრძელდება. განსასჯელის სკამზე აქციის 60-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი ზის. არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები