მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი 10 პედაგოგისთვის, განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ცოტა ხნის წინ, ის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ, რომლებიც სპეციალურმა კომისიამ ქვეყნის მასშტაბით შეარჩია. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
გამარჯვებულ მასწავლებლებს პროფესიული დღე, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა მიულოცეს.
"უკვე მესამე წელია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ეროვნული პრემია გადაეცემათ ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს. მინდა ყველა პედაგოგს დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და ამავდროულად გამოვხატო უდიდესი მადლიერება თქვენი მრავალწლიანი შრომისთვის და თავდადებისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს ისეთი გარემო, სადაც ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტი ადამიანები აღიზრდებიან.
წელს წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა - ყველა რეგიონში, 63 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქის 10 რაიონში ადგილობრივ დონეზე დავაჯილდოვეთ გამორჩეული პედაგოგები და ამ ფორმით გამოვხატეთ მათ მიმართ უსაზღვრო მადლიერება. ამ ტრადიციას გავაგრძელებთ. გახსოვდეთ, რომ ვარ თითოეული თქვენთვის მხარდამჭერი და უდიდესი გულშემატკივარი", - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.