10 ათასი ლარი მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლომ ლევან ღამბაშიძეს ნინო წილოსანის სასარგებლოდ დააკისრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სასამართლოს ღამბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ მიმართა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ წილოსანის ოჯახმა 65 მილიონი ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღო. პოლიტიკოსი, მოგებული სამართლებრივი დავით, პრეცედენტის შექმნაზე საუბრობს, ღამბაშიძისთვის დაკისრებული თანხის განკარგვას კი საქველმოქმედო მიზნით გეგმავს.
ლევან ღამბაშიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე არ საუბრობს, თუმცა მის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება. ღამბაშიძემ დღეს კამერებთან გამოჩენა არ ისურვა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ სასამართლო ხელისუფლება მიკერძოებულია.
ცილისწამებას დღეს გაემიჯნენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მათი მხრიდან კრიტიკას ყოველთვის დასაბუთებული არგუმენტი მოჰყვება.
ცილისწამებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონმდებლობის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, მას შემდეგ, რაც მტკიცების ტვირთი ბრალდების ავტორს ეკისრება, კანონს პრევენციული ძალა აქვს.
არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და ცილისწამების ფაქტზე ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ ნინო წილოსანის სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მისი და ოჯახის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.