06 აგვისტო 2026,   01:58
ვრცლად
სისხლის სამართლის 5 საქმე - სპეცრაზმელების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ჩატარებული ერთდროული სპეცოპერაციები

სისხლის სამართლის 5 საქმე - სპეცრაზმელების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ჩატარებული ერთდროული სპეცოპერაციები.

გამოძიება მათ წინააღმდეგ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ამავე დანაშაულზე, 7 პირს ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ, მათ შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო ტუღუში, მეტსახელად "ენცო".

დანაშაულებრივ სქემაში "ენცოს" როლს სატელეფონო საუბარი ადასტურებს. მტკიცებულებები, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. ჩანაწერში "ენცო" , კრიმინალურ ავტორიტეტს "კვერცხას", საზღვარგარეთიდან მითითებებს აძლევდა, ეუბნება, რომ ბრალდებულ ძმებ მიქაძეებზე, გიორგი ჯოხაძეზე და მათი გარემოცვის წევრებზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ.

ირკვევა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის მითითებებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბადრი ნათობაძე, იგივე "ბადუკა" ასრულებდა და ე.წ. შუმოკს აორგანიზებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირები "ქურდული სამყაროს" წესებით ფინანსური დავების მოგვარებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ქუჩური გარჩევების მოწყობით და მუქარით, კონკრეტულ პირებს თანხის მიტანას აიძულებდნენ. მეტი დამაჯერებლობისთვის იყენებდნენ ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენებს. ჩანაწერებში ტარიელ ონიანს, მანუჩარ ელიავას და ლევან აბულაძეს ახსენებენ.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა დანაშაულებრივი ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა შეასრულა.

საუბარია ზაფხულში. სოფელ კაბალში, აგრარულ ბაზარში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე. 25 ივნისს, 50 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მაშინ პოლიციამ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა.

როგორ მოქმედებდნენ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები - მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, სოფელ კაბალში, სპეცრაზმელს, დასაკავებელმა პირმა გულ-მკერდის არეში ესროლა. ირკვევა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე პოლიცია მირზა ალიევის ასაყვანად მის სახლში მივიდა, შესვლისთანავე კი, ალიევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი სამართალდამცველი, საუნივერსიტეტო კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა, გეკა გელაძემ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა.

სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, დღის ბოლოს განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა გააკეთა. ლევან რატიანის თქმით, 32 წლის სამართალდამცველი იმ ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა, რომელიც სპეცოპერაციის დროს ეცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე იქნებოდა.

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი საქმე გახსნეს. დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. ირკვევა, რომ ჩუბინიძე და მიქაძე, 2021 წელს ვახტანგ კობიაშვილს გაფორმებული 5 ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთი, სხვა პირზე უკანონოდ გაყიდეს.

დღის ამბები