06 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
"გამოძიებით დადგინდა, რომ "შპს ჰერმესის" თანამშრომელმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4 600 ლარი... სანაცვლოდ, დაჰპირდა დახმარებას საფლავის მოწყობაში" - საქალაქო სასამართლოში "ჰერმესის" სპეციალისტის პროცესი დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ, საქალაქო სასამართლოში "შპს ჰერმესის" სპეციალისტის პროცესი დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, "ჰერმესის" მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოს კონკრეტულ სასაფლაოზე მისი ბაბუა იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც ის 3-ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. სანაცვლოდ, გამოართვა 4 600 ლარი.

დაკავებულს ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღება, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ანტიკორუფციულ სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "შპს ჰერმესის" თანამშრომელმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4 600 ლარი და სანაცვლოდ, დაჰპირდა დახმარებას საფლავის მოწყობაში. გამოძიება გრძელდება. უნდა გაირკვეს, ხომ არ მონაწილეობდნენ სხვა პირები აღნიშნულ დანაშაულში, ვინაიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, კონკრეტული წერილობითი მტკიცებულების განადგურების საფრთხე (ასევე, შესაძლოა, მან გააგრძელოს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა), ბრალდების მხარე ითხოვს, ამ ეტაპზე, პატიმრობის გამოყენებას", - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.

დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა საქმე კომერციულ მოსყიდვას ეხება და არა რთამს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ სახეზე გვაქვს კომერციული მოსყიდვა და არა ქრთამი ან რაიმე მძიმე დანაშაული. საუბარია კერძო სამართლის სუბიექტის თანამშრომელზე. ყალბი დოკუმენტების საკითხი ცოტა სადავოა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ გიარაოს [შუამდგომლობას], ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არ არსებობს პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა", - აცხადებს ადვოკატი არჩილ შაბაშვილი.

 

დღის ამბები