06 აგვისტო 2026,   05:33
ვრცლად
6.6 მილიარდი დოლარის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მასშტაბური სტიმულირების ეფექტი ექნება - როგორია მმართველი გუნდის ხედვა Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით

6.6 მილიარდი დოლარის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მასშტაბური სტიმულირების ეფექტი ექნება - ასეთია მმართველი გუნდის ხედვა, Eagle Hills-ის მრავალმილიარდიან პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც რამდენიმე თვეში დაიწყება. 24 000 სამუშაო ადგილი მშენებლობის პროცესში, 8 000 მუდმივად დასაქმებული, 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი განაშენიანებული და რეკრეაციული სივრცე, 500-მილიონიანი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად - დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ ამ ბენეფიტების წინააღმდეგ ოპოზიციის ბრძოლა მათ რეალურ, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ააშკარავებს.

მრავალმილიარდიან საინვესტიციო პროექტს საკუთარ სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო მიუძღვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ, გავრცელებული მითებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, განმარტა, რომ პროექტი არა ე.წ. არაბიზაციას, არამედ ევროპული ტიპის, ორი ახალი ურბანული სივრცის გაჩენას გულისხმობს. პროექტი, დასრულების შემდეგ, გონიოს 4 სეზონზე გათვლილ კურორტად აქცევს. საქართველოს ეკონომიკაში კი, დამატებით, 2 მილიარდის მობილიზებას შეძლებს. პრემიერმა, კომერციული საიდუმლოს შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტებიც განმარტა. თქვა, რომ სახელმწიფო ყველა სტრატეგიულ ბერკეტს ფლობს და მშენებლობა მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად განხორციელდება.

Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის პოზიტიურ გავლენას ქართულ ეკონომიკაზე ოპოზიციაშიც ვერ უარყოფენ, თუმცა პროექტს მაინც ეწინააღმდეგებიან. ხელისუფლების ოპონენტების ერთადერთი არგუმენტი კომერციული საიდუმლოებაა, რომელიც კონტრაქტის ნაწილს წარმოადგენს. ოპოზიცია მრავალმილიარდიანი პროექტის შეჩერებას ითხოვს.

ოპონენტებისა და მათი ლობისტების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის წინააღმდეგ ბრძოლა არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს საზოგადოებას შეახსენეს, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ჩანაწერით აკრძალა. უმრავლესობა Eagle Hills-ის პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და სუვერენიტეტის
გამტკიცებისთვის თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

Eagle Hills-თან მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ხელშეკრულება 2025 წელს გაფორმდა. კომპანია, რომელიც პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, გონიოსა და თბილისში სამშენებლო სამუშაოებს რამდენიმე თვეში დაიწყებს.

დღის ამბები