პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავის ყველა პუნქტში გაიმარჯვა.
მისი შეფასებით, მთავარი პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაშია, რადგან ბიძინა ივანიშვილს კვლავინდებურად არ აქვს წვდომა საკუთარ ფინანსურ აქტივთან.
"მორიგ ჯერზე, ამჯერად უკვე ლონდონის სასამართლომ გამარჯვებულად გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილის ინტერესები. პრინციპში, ეს არახალია - თქვენ იცით, მერამდენე საერთაშორისო სასამართლოს იგებს ეს ადამიანი. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ თუ ობიექტური სასამართლო შედგებოდა, იმდენად ცალსახაა ფაქტები და ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სასარგებლოდ, ნათელი იყო წინასწარვე და ამის მოლოდინი გვქონდა. აქ პრობლემა არის მის აღსრულებაში, - ანუ, წვდომა თავის აქტივთან კვლავინდებურად შეზღუდულია, ეს არის პრობლემა და ამას ვამბობთ, რომ მერამდენე სასამართლო უნდა მოიგოს ამ ადამიანმა, მაგრამ წვდომა მაინც [არ აქვს]. რატომ? რადგან ძალიან დიდი გავლენაა "დიფ სთეითის" მათ შორის, ამ სასამართლოებზე, მის აღსრულებაზე. იცით, რომ შვეიცარიული ბანკიც კი გაკოტრეს იმის გამო, რომ ამ ადამიანზე გაგრძელებულიყო შანტაჟი, მუქარა, შეურაცხყოფა, იძულება, რომ ქვეყანა უკრაინის გზას გაჰყოლოდა.
ამას არ დაეთანხმა და თქვა, რომ სულ რომ ერთ თეთრად დარჩეს ბოლოს, სახელმწიფო ინტერესებს არასდროს გაყიდის, რაც არ უნდა შანტაჟი და მუქარა განახორციელონ მასზე ჯგუფებმა. გაიმარჯვა, მორიგ ჯერზე, საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ კვლავინდებურად სანქცირებულია ამერიკის მხრიდან. ჩემთვის კომიკური სიტუაციაა შექმნილი, - ჩვენ ვნახეთ, რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკამ, უახლოეს პერიოდში, რუსეთთან ყველა სანქცია მოხსნას. ამ დროს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისჯება იმისთვის, რომ მან არ გაყიდა სამშობლო, სახელმწიფო ინტერესები, ქართველები და, ამის გამო, მის კუთვნილ ფინანსებზე წვდომა აქვს შეზღუდული," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა. გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ Credit Suisse-სის წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.