ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა "კრედიტ სუისთან" დავაში, ყველა პუნქტში გაიმარჯვა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო კომიტეტმა ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "კრედიტ სუისის" შვილობილი კომპანიის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა.
სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების დამრღვევად გამოაცხადა.
ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 68-გვერდიანია.
"სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "კრედიტ სუისის" შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ყველა დავის საკითხში გადაწყვეტილება მოსარჩელეების სასარგებლოდ მიიღო. CS Life-ის პოზიციას ხელს არ უწყობდა მისი სამართალწარმოების ტაქტიკა, რომელმაც უარყო პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების აღიარებაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონმა ეს თავად აღიარა. CS Life-მა ასევე არ გაამჟღავნა და სასამართლომ დაადგინა, რომ განზრახ მალავდა ბევრ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. განაჩენი შეიცავს 31 კონკრეტულ ფაქტობრივ დასკვნას. ამ დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ CS Life-მა დაარღვია მოსარჩელეების მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეები მოტყუებულ იქნენ თაღლითურად სადაზღვევო პოლისის დადებისას", - აღნიშულია დოკუმენტში.