კადრები სამხრე კამერით მებაჟე ოფიცრებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გადაიღეს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება თურქეთის მოქალაქის ხელბარგში იყო დამალული. ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოში "პრეგაბალინის" შემცველი 212 კაფსულის შემოტანას ცდილობდა.
მუჰამედ ტაილარი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აეროპორტშივე დააკავეს. თურქეთის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს.
მუჰამედ ტაილარი "კურიერის" ინფორმაციით, ბათუმში სტამბოლის რეისით ჩაფრინდა. საბაჟოზე შემოწმებისას მას თან მხოლოდ მცირე ზომის ჩანთა ჰქონდა. აკრძალული ფსიქოტროპული მედიკამენტი სპეციალურ სკანერზე გამოჩნდა და მებაჟე ოფიცრებმა ხელჩანთა უკვე დეტალურად დაათვალიერეს.
ფსიქოტროპული ნივთიერება ადვილი შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო, 212 კაფსულა "პრეგაბალინი" სხვადასხვა დასახელების შეფუთვაში, ვიტამინების აბებთან ერთად იყო შერეული.
ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი სამართალდამცველებმა და მებაჟე ოფიცრებმა აღკვეთეს, თუმცა გამოძიება ახლა დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასადგენად მუშაობს. მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გაირკვევა რა მიზნით ცდილობდა 24 წლის მამაკაცი "პრეგაბალინის" საქართველოში შემოტანას. დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.