საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გამოჰკითხეს 5 მოწმე. ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. 12 დაკავებულია, 3-ს გირაო აქვს შეფარდებული.
დაცვის მხარის განმარტებით, დღევანდელ სასამართლოზე წარდგენილი ვიდეოები სხვადასხვა კამერებითა და რიცხვში იყო გადაღებული. ადვოკატი ვიდეოებს შორის კავშირის არარსებობაზე საუბრობს.
"დღეს დაიკითხა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა თავისი დასკვნა, ექსპერტი წერილობით განმარტავდა, რომ ვიდეოებში, 3 ვიდეო იყო, რაც წარუდგინეს და თითქოს და მან ამოიცნო ია დარახველიძე. დასკვნაში ასევე უწერია, რომ ეს სამივე ვიდეო არის გადაღებული სხვადასხვა აპარატით, სხვადასხვა რაკურსით, ასევე სხვადასხვა დრო არის და რას ნიშნავს ეს ლოგიკურად დაკავშირება და თუ რით დაასკვნა, ჩემთვის გაუგებარია“, - აცხადებს ადვოკატი რევაზ აჭარაძე.