06 აგვისტო 2026,   10:07
ვრცლად
"ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების კვოტირება დაწესდება, რომელიც შრომის ბაზრის შესახებ კონკრეტულ კვლევას ეფუძნება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების კვოტირების დაწესება კონკრეტულ კვლევას ეფუძნება. განათლების მინისტრმა განმარტა, რომ კვლევამ აჩვენა - სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ. გივი მიქანაძის შეფასებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სტუდენტი ასეთი პერსპექტივისგან თავიდანვე დაიცვას და სპეციალობებზე კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაანაწილოს.

1990-იან წლებამდე, იქამდე, ვიდრე საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, მართალია, თსუ ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იქნება, თუმცა განათლების მინისტრის განმარტებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, როგორც მრავალპროფილურ უნივერსიტეტს, დაუბრუნდება პირვანდელი სტატუსი. თსუ-ს რექტორი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მსგავსად, სტუდენტთა კვოტირების გადაწყვეტილებას მიესალმება.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა, წელს კი, კვოტირების სისტემის შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

შრომის ბაზრის კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას. ირაკლი კობახიძემ ისიც განმარტა, რომ კვოტები უმაღლესი განათლების კონცეფციის შესაბამისად "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის მიხედვით განისაზღვრა. მთავრობის ხელმძღვანელი თსუ-ს იმ სტატუსის დაბრუნებასაც მიესალმება, რომელიც მისივე განცხადებით, უნივერსიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" ანტიეროვნული პოლიტიკის გამო დაკარგა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება.

დღის ამბები