სპეცრაზმი, ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ასაყვანად დღეს გამთენიისას მობილიზდა. თბილისსა და რეგიონებში, "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად 50-მდე მისამართზე მიმდინარეობდა.
44 პირი პოლიციამ საკუთარი სახლებიდან გამოიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ყველა მათგანი "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირია.
დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფინანსურ დავებში ერთვებოდნენ ერთი მიზნისთვის - კრიმინალური მეთოდებით
რაც
შეიძლება მეტი ფინანსური სარგებელი მიეღოთ.
ორგანიზებული ჯგუფი "ქურდულ გარჩევებს" აწყობდა, სადაც აორგანიზებდნენ, როგორ წაერთმიათ ფული კონკრეტული პირისთვის. მეთოდი უცვლელი ჰქონდათ. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამიზნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ. დანაშაულის ფაქტებს ერთმანეთში სატელეფონო საუბრებიც ადასტურებს. ფარულად ჩაწერილი მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ორგანიზებულ დანაშაულს ე.წ. ლიდერიც ჰყავდა - მამუკა
შუბითიძე, ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად ტურიკელა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მას კონკრეტული ფინანსური დავების გადაწყვეტაზე რჩევებს ეკითხებოდნენ. მითითებებს შუბითიძე საზღვარგარეთიდან იძლეოდა. სანაცვლოდ კი მოდავე მხარეებისგან აღებული თანხის უდიდეს ნაწილს ითხოვდა. ჯგუფის წევრებს აფრთხილებდა, რომ მასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებები არ მიეღოთ, თუ არ დაემორჩილებოდნენ, დაისჯებოდნენ.
ფაიფურა, გრიშიჩი, რუბენიჩი, ბარიბუბუ, ჩაჩანა, გივექსა
, რიჟა, ვირა, დრანგა და პურჭყუ - დანაშაულებრივ ჯგუფში კრიმინალურ ავტორიტეტებად ითვლებოდნენ. 8000 ლარი, 500 და 2500 დოლარი - ეს თანხის ის რაოდენობაა, რომლის გაყოფის გამოც ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.
მობილური ტელეფონები, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, პოლიციამ ამოიღო. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაც. თბილისში და რეგიონებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა.
დანაშაულს 15 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასადგენად პოლიცია კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე აგრძელებს.
სისხლის სამართლის საქმე 4 მუხლით გრძელდება. აღიარებენ თუ არა დანაშაულს დაკავებულები, ცნობილი სავარაუდოდ სასამართლოზე გახდება, მაშინ, როდესაც მოსამართლე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს.