19-26 აპრილს ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც კონტინენტის ყველა უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ამ მასშტაბური სპორტული ღონისძიებისათვის სამზადისი უკვე დაწყებულია. დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს საორგანიზაციო კუთხით. ინტენსიურ მოსამზადებელ საწვრთნელ პროცესს გადის საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრებიც.
"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ მთავრობას, ვინაიდან, მაქსიმალურად გვერდზე დგომა არის გამოცხადებული, რათა ყველამ ერთად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ევროპის ჩემპიონატი ბათუმში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპორტსმენები საუკეთესოდ გაართმევენ თავს და ვიზეიმებთ არაერთ მედალს", - აცხადებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ლაშა ტალახაძე.