22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით შპს "თბილსერვის ჯგუფი", თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას გამართავს.
აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდება. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მიიღებს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი. აქციაში ჩაერთვებიან "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე და ამავე კომისიის წევრები.
ასევე, მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ჩართული იქნება შესაბამისი სპეცტექნიკა.
აქციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე ხაზგასმაა.
"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე. მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.