თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო სხდომა გადაიდო. მანამდე პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
პროკურატურა მათ საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს ედავება.
"აღნიშნული საქმის ფარგლებში ვადასტურებთ იმას, რომ საქმეზე ბრალდებული პირები, პოლიტიკოსები, 2024 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდში გამართული აქციების მიმდინარეობის დროს მოქმედებდნენ ძალადობრივ ჯგუფებთან შეთანხმებით და მათი მიზანი იყო ადგილზე მყოფი მოქალაქეებისა და პოლიციელების დაპირისპირება, ასევე პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა. ასევე, დავადასტურებთ იმას, რომ უშუალოდ ბრალდებული პირები, ამ საქმეზე მყოფი პოლიტიკოსები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს საჰაერო სივრცის დათმობა ირანის ისლამური რესპუბლიკის დრონებისათვის. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მათი მხრიდან ხდებოდა მიზანმიმართულად და, რა თქმა უნდა, ეს იყო სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, - აცხადებს საქმის პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი.