საერთაშორისო დონის არტისტები, მსოფლიო პრემიერები - "თბილისი რიტმი" მასშტაბურ მუსიკალურ საღამოებს აანონსებს.
ბაროკოს მუსიკიდან ჯაზამდე, ბალკანური ტრადიციებიდან აფრიკული მუსიკის ჟღერადობამდე, ფესტივალი მსმენელს ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ მარათონში ეპატიჟება. მაისში დედაქალაქი მსოფლიო დონის არაერთ არტისტს უმასპინძლებს.
ჯაზისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა, აზერბაიჯანული მუღამის ფილოსოფია და ლეგენდარული აჰმად ჯამალის ხელწერა - 11 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზი საერთაშორისო დონის მუსიკალურ სინთეზს უმასპინძლებს. აზერბაიჯანელი პიანისტი შაინ ნოვრასლი ფრანგულ ტრიოსთან ერთად წარადგენს ალბომებს, რომლებიც მის მენტორთან, აჰმად ჯამალთან ერთად, პარიზში ჩაიწერა. პიანისტის ტრიოს ქართველი არტისტი, მურმან ჯინორიაც შეუერთდება.
წელს "თბილისი რიტმი" ჟანრობრივ საზღვრებს აფართოებს და, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, თეატრალურ წარმოდგენასაც მასპინძლობს. 16 მაისს მიხეილ მრევლიშვილის სპექტაკლი - "რეპეტიციის შემდეგ" გაიმართება. ერთმოქმედებიან დრამაში მთავარ როლებს აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი ასრულებენ.
ფესტივალის კულმინაცია კი 28 მაისს იქნება. ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და აკორდეონისტი ვინსენტ პეირანი საპრემიერო ალბომით წარდგება.
"თბილისი რიტმი" საქართველოს კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველოსა" და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი