უკვე წელიწადი და 4 თვეა, გერმანიის საგარეო უწყება ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტის სახელს არ აახლებს. ამ დრომდე გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული. ინფორმაციის განახლების მოთხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ბერლინს უკვე მესამედ მიმართა, თუმცა ქართული ნოტა გერმანიამ რეაგირების გარეშე დატოვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოს რომ სრულად ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავდეს, ამას დასავლელი პარტნიორები აღიარებდნენ.
“საქართველოს პრეზიდენტი რომ ჰყავდეს, ამას აღიარებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რომ არ აღიარებენ, ეს არის ფაქტი“ - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ გერმანია საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, შესაბამისად, თუ ის კონკრეტულ ნაბიჯს დგამს, ამას გარკვეული საფუძველი და მიზეზი ექნება.
"გერმანია არის საქართველოს პარტნიორი მეგობარი ქვეყანა და როდესაც ის რაღაცას აკეთებს, ამისთვის ალბათ მიზეზი აქვს“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.