საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „ერისიონს“, ისტორიაში პირველად, საკუთარი შენობა აქვს.
თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა აერთიანებს ორ სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი 100 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დანიშნულებისაა, ასევე მსახიობების საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას და ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეებს.
შენობა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ხეთაგუროვის 26 ნომერში მდებარე ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წელი მიმდინარეობდა. შენობის რეაბილიტაციისთვის, ამ ეტაპისთვის, 21 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადებით, მისთვის ბედნიერებაა, რომ მის გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი თემების გადაჭრა შეუძლია.
"ჩემთვის არის ბედნიერება, რომ ჩვენს გუნდს წილად ხვდა ეს, რომ ასეთი მძიმე თემების გადაჭრა შეგვიძლია. ზოგადად, კულტურისთვის ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან შემოქმედ ადამიანს თუ არ აქვს პირობა, სადაც ნორმალურად შეუძლია იმღეროს, იცეკვოს და გააკეთოს თავისი საქმე, ძალიან რთულია. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ კულტურის ხალხი ქმნის კარგ განწყობას, ამიტომ ჰგონიათ, რომ ეს არის ადვილი. მაგრამ, ეს ყველაზე რთული სფეროა. იცეკვო, იმღერო იმ ხარისხით, როგორც ამ საქმეს აკეთებს "ერისიონი" - მათ აკადემიზმის ხარისხზე ჰყავთ აყვანილი ტრადიციული ქართული ხელოვნება. მე ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.