13 სექტემბერი 2026,   23:37
ვრცლად
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

პირველი სამუშაო დღე მთავრობის ადმინისტრაციაში - მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით გუშინ დამტკიცებულ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა.

გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურების უფრო ეფექტიანი კოორდინაცია და ოპერატიულ მართვა, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, პრიორიტეტულია.

"რა თქმა უნდა, მისი ამ მიმართულებით დანიშვნა, იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია და ამას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ყველგან, სადაც მამუკა საქმიანობდა, იყო ოპოზიციის გაცამტვერების წინაპირობა, ამიტომ განსაკუთრებულად აქვთ მათ აგრესია და მთელი მათი პიარ-კამპანია და პიარ-შესაძლებლობები მიმართულია მამუკა მდინარაძის ამ ახალი პოზიციის გაშავებისკენ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, სამართალდამცავი ორგანოების ერთმანეთთან კოორდინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.

"ზოგადად, რეგიონში და მსოფლიოში არის მაღალი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ომია პირდაპირი გაგებით. გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და, ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთთან კოორდინაციით, უფრო მაღალ დონეზე იქნება უსაფრთხოების ხარისხი დაცული," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები