30 ოქტომბერი 2026,   23:39
ვრცლად
ფეიქრიშვილების საქმე - იუსტიციის მინისტრის პირველი განმარტება და პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები

დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, "ღამის კურიერის" ეთერში იუსტიციის მინისტრმა პირველად ისაუბრა. პაატა სალიამ ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ პატიმარი ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა. მსჯავრდებულის ოჯახის ინფორმაციით მას ფიზიკურად ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი სხვა პირებთან ერთად გაუსწორდა, თუმცა ამ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი არ ადასტურებს. ვინ, რატომ და რა მიზნით შეასახლეს ბრალდებულთან? სალიას თქმით, ამ კითხვებზე პასუხი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს.

ვიდრე პროკურატურა გამოძიების პირველად შედეგებზე გაავრცელებს ინფორმაციას, უკვე ცნობილია რომ ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხა პატიმარი და მისი ოჯახის წევრებიც. დავით ფეიქრიშვილის დედას ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

ფეიქრიშვილის ოჯახის ინფორმაციით პატიმარზე გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურად იძალადეს, რის შემდეგაც ის კლინიკა "ვივამედში" მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. პატიმარი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. "ვივამედის" გენერალური დირექტორის თქმით, ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტი პატიმარი, მისი ღირსებისა და უფლებების დაცვაა, ამაზე პაატა სალიას თქმით, შესაძლო კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირებაც მეტყველებს. ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გამოძიება თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. მოგვიანებით კი საქმე პროკურატურას გადაეცა. სწორედ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გასცა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია. პატარიძემ თანამდებობა უკვე დატოვა, თუმცა ჰქონდა თუ არა ადგილი ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან უკანონო ქმედებას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ჯგუფური ხულიგნობისა და გამოძალვის ფაქტებზე ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები სამართალდამცველებმა 1 თვის წინ დააკავეს. 2 ოქტომბერს ფეიქრიშვილებს კიდევ ერთი ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარედგინათ. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები