"მომავალი ზამთარი ევროპის მოქალაქეებისთვის მძიმე იქნება - 50 მილიონზე მეტი ადამიანი ენერგორესურსებზე მაღალი ფასების გამო სახლების სრულფასოვნად გათბობას ვერ შეძლებს" - ამის შესახებ ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს შეხვედრისას განაცხადა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები შექმნილი ვითარების შესამსუბუქებლად ქსელის გადასახადების, ინფრასტრუქტურისა და ელექტრიფიკაციის დაჩქარების ახალ ზომებს განიხილავენ.
იორგენსენის თქმით, ევროკავშირში კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად რთული ზამთარი ელოდებათ მოქალაქეებს. ყოველწლიურად თითქმის 50 მილიონი ევროპელი ვერ ახერხებს საცხოვრებლის სათანადოდ გათბობას, წელს კი ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება.
ევროკომისარმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მაქსიმალურად დააჩქარონ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის პროცესი, ყურადღება გაამახვილონ განახლებად ენერგიაზე, გაზისა და ნავთობის ქვაბები ელექტრო სითბურ ტუმბოებით ჩაანაცვლონ და შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადავიდნენ.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ კრიზისს უკეთ მომზადებული ხვდება, ვიდრე 2022 წელს, თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კრიზისი უფრო სერიოზულია, ვიდრე წინა, რადგან ის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებსაც ეხება.
იორგენსენის განმარტებით, მოქალაქისთვის, რომელსაც არ აქვს საშუალება იყიდოს საწვავი მანქანისთვის ან გაათბოს სახლი, პროდუქტის ფიზიკურ არსებობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მის ყიდვას ვერ ახერხებს. მისი თქმით, იგივე ეხება ბიზნესსაც, რომელიც სერიოზული წნეხის ქვეშაა, რის გამოც აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება.
შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ირლანდიის ენერგეტიკის მინისტრი დარაგ ო'ბრაიენიც, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს. მან აღნიშნა, რომ არც ევროკავშირს და არც წევრ ქვეყნებს არ აქვთ "ჯადოსნური ჯოხი" ფასების ზრდის შესაჩერებლად.
მინისტრის თქმით, წევრმა სახელმწიფოებმა უკვე გაატარეს მოკლევადიანი საგადასახადო ზომები და შეამცირეს აქციზი დიზელსა და ბენზინზე, თუმცა ახლა მთავარი მიზანი უფრო მდგრად გადაწყვეტილებებზე გადასვლაა. ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტი სწორედ ენერგოქსელებისა და მათთან დაკავშირებული გადასახადების ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და ელექტრიფიკაციის დაჩქარება იქნება.