მმართველი გუნდი უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.
საპარლამენტო უმრავლესობა აქცენტს აკეთებს პოლონეთის დაფინანსებით შექმნილ ახალ საინფორმაციო რესურსზე "VT SAKARTVELO-ზე", რომელიც პოლონეთში ამოქმედდა და რომლის პირველივე გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდშიც, მათი თქმით, მოწვეულმა სტუმარმა ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები გააკეთა.
"ეს არის ამათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ ტელევიზიიდან შეუტიონ, რადიკალიზაცია მოახდინონ ჩვენი საზოგადოების. პირველი თემა რა იყო? - პატრიარქის გინება, სინოდის შეურაცხყოფა, ამისთვის იყენებენ. ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებასაც, ისიც პოლონელია. ახლა საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა, როგორც ირკვევა, პოლონეთმა უნდა გასწიოს, დანარჩენები ჩაფლავდნენ, ვნახოთ, აბა, პოლონეთი რას იზამს. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და იცლი, დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით, ეს ხომ ნონსენსია?!" - აღნიშნა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.