04 ივნისი 2026,   13:40
ვრცლად
გიგა ბოკერია სააკაშვილზე: წლების განმავლობაში არასტაბილურობით იყო დაინტერესებული, საკუთარ პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც, მისი ადგილის ჩამნაცვლებელი რომ არ გამოჩენილიყო

ახალი ურთიერთ ბრალდებები ოპოზიციურ ფლანგზე - ამჯერად პატიმარ პრეზიდენტს გიგა ბოკერია ადანაშაულებს არაჯანსაღ და ქვეყნის საზიანო ინსტინქტებში.

"ფედერალისტების" ლიდერის განცხადებით, სააკაშვილი წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო ოპოზიციაში არასტაბილურობით, რათა მისი ადგილის ჩამნაცვლებელი არ გამოჩენილიყო.

"გულწრფელად ვიძახი, არის ერთი პოლიტიკური ძალა, მისი ლიდერი, პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის დროზე ერთიანობის დროშას იქნევდა, ოღონდ არაზუსტად. როგორც კი შეიქმნა, დღე არ გამოუტოვებია, რომ თავს არ დასხმოდა, იმ წესების დარღვევით, რასაც თავად დათანხმდა.

წლების განმავლობაში არასტაბილურობით იყო დაინტერესებული, საკუთარ პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც, მისი ადგილის ჩამნაცვლებელი რომ არ გამოჩენილიყო. ეს სრულიად არაჯანსაღი, საზიანო ინსტინქტია ქვეყნისთვისაც და პარტიისთვისაც - მე თუ არ ვიქნები ქვა ქვაზე ნუ იქნებაო, ოღონდ იქ ჩვენც მიგვათვალეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ერთ-ერთ ტელევიზიაში საუბრის დროს.

ბოკერიას კომენტარს შეფასება მოჰყვა "ნაციონალურ მოძრაობაში". ანა წითლიძის განცხადებით, გიგა ბოკერიას აზრი მისთვის უმნიშვნელოა, თუმცა იაზრებს, როს საერთო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმეს ანტიპათია.

"ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ჩემთვის არიან ერთნი. უინტერესოა ჩერგოლეიშვილისა და ბოკერიას განცხადებები. იგივე აზრზე ვრჩები, არაფერი შემიცვლია ამასთან დაკავშირებით. ერთი არის პერსონალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელსაც ყოველთვის ღიად გამოვხატავდი, მათ შორის, პარტიის შიგნითაც და საჯაროდაც. მეორე არის პარტიის გადაწყვეტილება, ალიანსში ყოფნის და ძალიან კარგად მესმის, რომ საერთო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაცის ანტიპათია", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციაში განხეთქილება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოში მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის გზავნილები ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო. ამჯერად უთანხმოება საპარლამენტო ბოიკოტზეა.

დღის ამბები