ამერიკული და ქართული საგამოძიებო უწყებების ერთობლივი ოპერაცია და პასუხისგებაში მიცემული 9 პირი - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ნაწილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აღკვეთის ღონისძიების სახედ, სამ დაკავებულს პატიმრობა, ერთს კი - 15 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
ორი ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
"გამოძიების დაწყების დღიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე ბრალდებული აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სწორედ მათი თანამშრომლობით, ხელი შეუწყვეს ამ დანაშაულის გახსნას. ისინი ყალბ დოკუმენტებს არ ამზადებდნენ, - ძირითადად, ისინი იყვნენ თარჯიმნები," - აცხადებს ადვოკატი გიორგი ცერცვაძე.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის შექმნას ჰპირდებოდნენ. ორმა ჯგუფმა 65 მოქალაქეს 112 000 დოლარი გამოსძალა.
ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.