ბურთად გადაქცეული დედამიწა და პლანეტის ყველა მცხოვრები ახლა მსაჯის პირველ სასტვენს სუნთქვაშეკრული ელოდება. ელოდება ნანატრ ემოციებსაც, რომელსაც ოთხი წლის შემდეგ ბურთი ისევ მოიტანს და სამყაროც დროის ათვლას ფეხბურთით დაიწყებს.
ოკეანის მიღმა დიდი სამზადისია. პირველ საჩემპიონო თამაშს მეხიკოს აცტეკას ისტორიული სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის გუნდები დაუპირისპირდებიან. ფავორიტებად მაინც მასპინძლები მიიჩნევიან. თუმცა, მთელი მსოფლიო - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, ეკრანებთან თუ სტადიონების ტრიბუნებზე მაინც გახსნის მასშტაბურ სანახაობას ელოდება.
მსოფლიო ფეხბურთელებთან ერთად დიდ საფეხბურთო მოედანზე გასასვლელად ემზადება რუსთავი 2-ის გუნდიც. აქტივში სატელევიზიო გოლების ჩასაწერადაც. ელოდებიან მოყვარულები და ფეხბურთის ქართველი მემატიანეებიც.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი რუსთავი 2-ის მაყურებელს ამ ადამიანების ხმით დაამახსოვრდება, სანამ საკომენტატორო ჯიხურში შევლენ საფეხბურთო ემოციების შესახებ რუსთავის მიკროფონთან ჰყვებიან. ამირან შაიშმელაშვილი 20 წლის წინ დავით მინაშვილის წაყვანილ მატჩებს ადევნებდა თვალს, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ერთად წარუძღვებიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის, ძველ თაობასთან ერთად იქნებიან ახალგაზრდებიც, მათ შორის სანდრო ქებაძეც, რომლისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატი ახალი გამოცდილება იქნება.
ბურთიც და მოედანიც ჩვენია. არხი არსებობის 32-წლიან ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. ახლები, ძველები, დიდები თუ პატარები ჩემპიონატის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდებიან. ახლა ტელევიზიის ყველა კუთხეში ან ფეხბურთს თამაშობენ ან საჩემპიონო პროგნოზებს განიხილავენ, არც ფეხბურთის ექსპერტების სიმცირეა და არც ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივრების.
საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ბრაზილია, არგენტინა და ფეხბურთის ორი ლეგენდა მოედანზე - სწორედ მათი პირველი შეხვედრებიდან დაიწყება ნამდვილი სპორტული საღამოები. გრძელი დღეები და ღამეები.
მექსიკიდან, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან საფეხბურთო ამბებს დილის გუნდი მოგიყვებათ, საფეხბურთო ამინდს კი სალომე კაპანაძე შეაჯამებს.
"რუსთავი 2-ის" მაყურებელს საფეხბურთო ატმოსფეროს შუადღეც შეუქმნის, წამყვანებთან და კომენტატორ-თანაწამყვანთან ერთად.
"რუსთავი 2" ფეხბურთის სახლად უკვე გადაიქცა, აქ მწვანე მოედნებსაც ნახავთ, კარსაც და ბურთსაც. საფეხბურთო მატჩები უწყვეტ რეჟიმში, შემდეგ მიმოხილვა და რეპორტაჟები - ყველაფერი ის, რაც საფეხბურთო განწყობას და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ აქ, ამ არხზეა.
ყველაზე გამორჩეულ სატელევიზიო ზღაპარს ჰპირდებიან მაყურებელს მშობლიურ არხზე დაბრუნებული თემო მჟავია და ლევან გოგორელიანი. სანახაობრივ თამაშებთან ერთად, არც იუმორს დააკლებენ და არც სოციალურ ქსელებში საფეხბურთო თემატიკაზე შექმნილ კრეატიულ ვიდეორგოლებს.
მომავალი თვე ნახევრის განმავლობაში ფეხბურთსა და ბურთს იმაზე მეტი თაყვანისმცემელი ეყოლება როგორც არასდროს, "რუსთავი 2" კი იმაზე მეტ მაყურებელს დაელოდება, როგორც არასდროს და ყველას, დიდ საფეხბურთო ოჯახში გააერთიანებს.