28 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
გამოვლენილია ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სააფთიაქო ნარკომანიის სქემა - "კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა გამოძიების მიერ დაყადაღებულ ავტომობილების კადრები და საქმის მასალებში არსებული მიმოწერები

"კურიერი P.S.-თან" სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლმა ისაუბრა... ერთ-ერთმა მსხვერპლმა... ის ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებულმა ფსიქოტროპულმა წამლებმა ფსიქიატრიულ კლინიკამდე მიიყვანა.

მსგავსი ისტორია ბევრია. კიდევ უფრო ბევრი იქნებოდა, რომ არა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სააფთიაქო ნარკომანიის სქემის გამოვლენა და ლიკვიდაცია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დევნა 54 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე დაიწყო - ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის, მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე. 17 პირს ხელბორკილი დაადეს. 3 სავარაუდო დამნაშავე მიმალულია და ეძებენ, 11-ს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, ბრალი პატიმრობის გარეშე წაუყენეს.

ორგანიზატორები, მფარველები და შემსრულებლები - გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის ზედა რგოლის წარმომადგენლებმა მილიონობით ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როდესაც ფარმაცევტები ამავე სქემაში მონაწილეობისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ლარს იღებდნენ. 2018-2025 წლებში, ნარკოტიკად გამოყენებული ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ბრუნვამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააზიანა.

7 წლის განმავლობაში, ორგანიზებულმა ჯგუფმა მილიონობით აბი გაყიდა. სამართალდამცველებმა უკანონო სქემიდან მხოლოდ ნაწილის ამოღება შეძლეს. ეს წამლები ახლა საქმის მასალებში ნივთმტკიცებულებაა.

ბრალდების თანახმად, ფსიქოტროპული მედიკამენტები საქართველოში იმპორტიორ კომპანიებს - "ნეტ ფარმასა" და "ნიუ ჯორჯია 555-ს" შემოჰქონდათ და მოკავშირეების მიერ დაარსებულ ფარმაცევტულ კომპანიებზე ყიდდნენ, იქიდან კი შავ ბაზარს ამარაგებდნენ - ხშირად, არაბრენდულ უბნის აფთიაქებსა და სავაჭრო ობიექტებს, სადაც რეცეპტს არავინ ითხოვდა. "კურიერი P.S.-ის" მოპოვებულ კადრებშიც სწორედ ეს პროცესია ასახული.

ვინ იდგა დანაშაულებრივი სქემის სათავეში, უკვე ცნობილია. მიხეილ ჩოხელის გვარი, წლებია, ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, ერთად გვხვდება. ჩოხელი ძებნილია. ის ქოლცენტრების საქმეშიც ფიგურირებს. ახალი ბრალიც დაუსწრებლად გააცნეს.

თბილისის ცენტრი, მიცკევიჩის ქუჩა… გამოძიების ინფორმაციით, ჩოხელის კომპანიას მფარველები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ჰყავდა. ერთ-ერთი ამ სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს ყოფილი უფროსი, ნანა შაშიაშვილი იყო. "კურიერი P.S.-მა" საქმის მასალებიდან ჩოხელსა და შაშიაშვილს შორის მიმოწერები მოიპოვა.

ნანა შაშიაშვილის ადვოკატს საუბარი არ სურს. პროკურორი კი ბრალდების არსს განმარტავს.

კიდევ ერთი ბრალდებული ყოფილი თანამდებობის პირი ირაკლი მხეიძეა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი რეგულირების სააგენტოს დირექტორი იყო. ბრალდებულის სკამზე, ნანა შაშიაშვილთან ერთად, მძიმე ბრალდებით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აღმოჩნდა.

დარღვევაზე რეაგირება ირაკლი მხეიძეს ევალებოდა. მისმა სააგენტომ საგამოძიებო უწყებაში გასაგზავნად წერილიც მოამზადა, თუმცა, საბოლოოდ, მხეიძემ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და რეაგირებაც არ მოხდა.

"კურიერი P.S.-მა" ძვირადღირებული მანქანების კადრებიც მოიპოვა. გამოძიების მტკიცებით, ეს და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება ბრალდებულებმა სააფთიაქო ნარკომანიით მიღებული თანხით იყიდეს. ახლა ყველაფერი დაყადაღებულია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.

უკვე დაკავებულ ფარმაცევტებს, აფთიაქების მფლობელებსა და ყოფილ თანამდებობის პირებს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები