"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ვარდენ მაჭავარიანის ვიდეომიმართვას განცხადებით ეხმაურება.
ვარლამ ლიპარტელიანი რიტორიკას "ყალბს" უწოდებს, მაჭავარიანს ახალგაზრდების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდებთან დებატების მზაობის შესახებ გაკეთებული განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.
ლიპარტელიანის თქმით, მაშინ როდესაც მაჭავარიანი საჯაროდ დისკუსიის სურვილს გამოთქვამს, სინამდვილეში ის "იმედის" ეთერში პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ დებატებს "სასაცილო და აბსურდული მიზეზებით" გაექცა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მათ გასული სამი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამართეს მასშტაბური შეხვედრები, სადაც ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მაჭავარიანსაც, შეეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა, ლიპარტელიანის განმარტებით, ოპონენტმა ამის გაბედვა ვერ შეძლო.
ვარლამ ლიპარტელიანისთვის გაუგებარია ვარდენ მაჭავარიანთან სადებატოდ სპეციალური ფორმატების შექმნის საჭიროება, თუმცა აცხადებს, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ახალი პროექტები და დისკუსიები, სადაც მაჭავარიანს ექნება შანსი, კიდევ ერთხელ არ აარიდოს თავი ოპონირებას.
"ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული.
დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. არადა ამ დროს, ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ - მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია იმედზე დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო, აბსურდული სანქცირების მიზეზით ახსნა.
ამის პარალელურად - გასული 3 თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. თუ ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო, მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის, არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის მისი - რთულია ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ.
ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ, საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება", - წერს ვარლამ ლიპარტელიანი.