09 ივლისი 2026,   18:39
ვრცლად
სასამართლომ, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე სასამართლოებში პროცესები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დილით უკვე იმსჯელა მედიკო სახელაშვილის საქმეზე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. მან ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სიტყვიერი შენიშვნა მისცა მოსამართლემ კახაბერ მიქაუტაძესაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 2 პირი 1 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა.

"ბატონ ირაკლი ღოღობერიძის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, შესაბამისად, დაიდენტიფიცირდა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.

აღნიშნულმა პიროვნებამ აღიარა ჩადენილი ქმედება, მოინანია, ბოდიში მოიხადა, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა და გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ნიკოლოზ დარსანიას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. აღნიშნულმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბატონ გიორგი გელაშვილს. მან ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ფოტოსურათი პოსტის შეურაცხმყოფელ სიტყვებთან ერთად გამოაქვეყნა მის პირად საჯარო გვერდზე, რასაც აგრეთვე მოჰყვა სხვა ადამიანების მხრიდან მსგავსი სახის კომენტარები. ბატონ ნიკოლოზს აღნიშნული ფაქტი არ უარყვია, აღიარა, თუმცა აგრეთვე განმარტა ისიც, რომ პირიქით ამაყობს ამ ქმედებით.

შეიძლება ითქვას, რომ უშუალო პირები, რომლებიც მუშაობენ სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლინების ფაქტებზე, მათი პოზიციით, შედარებით შემცირებულია მსგავსი სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, სალომე ქირია.

ლაშა კილასონიასა და კახაბერ ფოჩხუას საქმეებზე ისაუბრა მედიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ანდრო გურულმა.

"ეკა კუპატაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, სოციალურ ქსელში სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, 9 ივლისის დადგენილებით, ლაშა კილასონია. მას სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 000-ლარის ოდენობით.

ასევე, დღეს თბილისი საქალაქო სასამართლომ განიხილა კახაბერ ფოჩხუას სამართალდარღვევის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რეზო კიკნაძეს. აღნიშნული პიროვნებაც ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. აღნიშნულმა პიროვნებამ აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია, მოიბოდიშა და სასამართლომ მას განუსაზღვრა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით," - აღნიშნა ანდრო გურულმა.

დღის ამბები