ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი ძალადობის მუხლით დღეს ოფიციალურად წარედგინა. უახლოეს მომავალში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000-ლარიანი გირაოს მოთხოვნით მიმართავს. სწორედ პროცესზე გახდება ცნობილი, გაიზიარებს თუ არა მოსამართლე ბრალდების მხარის შუამდგომლობას და გათავისუფლდება თუ არა ნიკო ხურცილავა გირაოს სანაცვლოდ.
ხურცილავას, რომ დანაშაული სრულად აქვს გააზრებული, გუშინ გავრცელებული წერილითაც დადასტურდა. ის განმარტავს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან. დანაშაულის ჩადენის მოტივად ოქრიაშვილის მხრიდან ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა. აქვე, დაკავებული განმარტავს, რომ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ვერ პატიობს საქართველოს ღირსების, ისტორიისა და ეკლესიის შეურაცხყოფას. დღეს ვრცელი წერილი მომხდარ ინციდენტზე ნიკო ხურცილავას დედამაც გამოაქვეყნა. ის საზოგადოებას მოუწოდებს, ხურცილავას მოძალადედ შერაცხვამდე, სურათი სრულად და მთლიანობაში დაინახონ.
მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელსა და მედიაში მიმართვებს ავრცელებენ ნიკო ხურცილავას მეგობრები. მათი განცხადებით, მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ ადამიანს, რომელიც თავისი ქვეყნის ღირსების დაცვას ცდილობს.
თავად ონისე ოქრიაშვილი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, "კურიერთან" კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. თუმცა, სხვა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ არ აპირებს ახსნას, რატომ შეურაცხყო ნოდარ დუმბაძე.
ირკვევა ისიც, რომ ცნობილი ქართველი კლასიკოსის მიმართ გაკეთებული უხამსი განცხადება ერთ-ერთი და არა ერთადერთია. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა მორიგი ვიდეო ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტიდან, სადაც ონისე ოქრიაშვილი ამჯერად ქართულ ეკლესიას შეურაცხყოფს.
ეს განცხადება კატეგორიულად მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. ისინი განმარტავენ, რომ უკვე დიდი ხანია, კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფები ქართულ ეკლესიას ებრძვიან, რაც არამხოლოდ რელიგიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის შეურაცხყოფაა.
ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს, მოსაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ. პოდკასტში გაკეთებულმა უხამსმა გამონათქვამებმა, რომელსაც თავად ოქრიაშვილი ხუმრობად მოიხსენიებს, საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია.