უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის ფარგლებში დაგეგმილი უნიკალური, მეგა პროექტის კონცეფცია, რომელიც თბილისისა და გარდაბნის ტერიტორიების 634 ჰექტარს მოიცავს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის "იგლ ჰილსის" ქართულმა წარმომადგენლობამ, ავსტრალიაში დაფუძნებულ, 70 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიასთან ერთად შეიმუშავა. "მაინჰარდმა", რომელიც ამჟამად სინგაპურში ოპერირებს, ქართველ პარტნიორებთან ერთად, დღეს პირველი საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოადგინა ორი მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა, რომელიც ბუნებრივი გარემოსა და მწვანე სივრცის შენარჩუნებით, დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი დასახლების შექმნაზეა ორიენტირებული. არჩევანი გაკეთდა ლურჯ-მწვანე კონცეფციაზე, რომელიც ერთდროულად ეკოლოგიურად მდგრადი და კომფორტული გარემოს შექმნას გულისხმობს.
მასშტაბური პროექტისთვის, განისაზღვრა პრიორიტეტებიც. 6-დან სამი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას უკავშირდება. კონცეფცია გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებული, უსაფრთხო სივრცის შექმნას, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე სხვა ვიზიტორებისთვის.
გარდაბნის ჩრდილო-დასავლეთით თბილისისკენ მიმავალ გზაზე არსებული ტერიტორიის ბუნებრივი გარემო სპეციალისტებმა წინასწარ შეისწავლეს. განაშენიანების გეგმა, რომელსაც "იგლ ჰილს საქართველო" ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამუშავებს, მინიმალურ ბეტონიზაციასა და მაქსიმალურ გამწვანებაზეა ორიენტირებული, სწორედ ამიტომ 634 ჰექტრიდან, მინიმუმ 340 ჰექტარ მიწის ფართობზე, არანაირი საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო ან სხვა ტიპის შენობა ნაგებობა არ აშენდება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მაქსიმუმ 6 სართულიანი იქნება. 1413 ვილა და 1316 "თაუნჰაუსი" ანუ მიჯრით მიწყობილი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები - ჯამში 22 000 ადამიანი იცხოვრებს თბილისსა და გარდაბანში, იმ 29100 კვადრატული მეტრი სავაჭრო ობიექტებისთვისაა გათვალისწინებული.
''იგლ ჰილსის'' უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალ დაბანდებაა, სწორედ ამიტომ დიდია საზოგადოების ინტერესი. საჯარო განხილვის მიზანიც სწორედ დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობდა. დაისვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის ეკონომიკურ ბენეფიტებთან დაკავშირებით. აღინიშნა, ისიც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორის კაპიტალ დაბანდება საქართველოს სხვა უცხოელი ინვესტორებისთვისაც მიმზიდველს გახდის. გაიზრდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიც.
ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მოქალაქეები დაინტერესდნენ, რამდენი ადამიანი დასაქმდება, მეგა პროექტის ფარგლებში, რომელიც მშენებლობის პროცესში სრულად ადგილობრივების ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული. აღინიშნა, რომ "იგლ ჰილსს" საქართველოს კონტრაქტორების 60 პროცენტზე მეტს - ქართული კომპანიები წარმოადგენენ. წინასწარ პერიოდში 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. მუდმივი სამუშაო ადგილი კი შემდეგ 4 000 ქართველს ექნება.
რა საბაზრო პოლიტიკაა პრიორიტეტი "იგლ ჰილს საქართველოსთვის"? - ეს შეკითხვა მსმენელებს იმ დეზინფორმაციული კამპანიის გამო გაუჩნდათ, რასაც გასაყიდი ბინების ფასებთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ. 1700 დოლარი, კვადრატული მეტრი და თან გარემონტებული - ეს იქნება ღირებულება იმ საცხოვრებელი ფართების, რომლის წინასწარი ჯავშნებიც უკვე დაწყებულია და მყიდველთა სიაში ქართველები ლიდერობენ. არაბული ქვეყნების მყიდველთა რაოდენობა კი მხოლოდ 3 პროცენტამდეა.
მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ "იგლ ჰილსის" პროექტი იზოლირებულ და ჩაკეტილ სივრცეს არ გულისხმობს. ეს ხაზგასმით, სწორედ იმის გამო განიმარტა, რომ საზოგადოებას ბოლო თვეების განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ პროექტი არაბული ქალაქების მშენებლობას გულისხმობს და საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული სივრცეებით სარგებლობა არ იქნება შესაძლებელი. კითხვაზე შეძლებს თუ არა, ნებისმიერი ადამიანი, რეკრეაციული ან სხვა სივრცით სარგებლობას, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ტერიტორია, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
საჯარო განხილვის ფარგლებში, პროვოკაციების მცდელობის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა დაისვა. პროექტის ავტორებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს თითოეულ იმ დაინტერესებულ პირს, რომელმაც პროექტის ირგვლივ სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება. საჯარო განხილვა მშვიდ ვითარებაში და კითხვა პასუხის რეჟიმში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
6 ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც "იგლ ჰილსის" მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში გამოიყო, თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, იახტ-კლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას მოხმარდება. შედეგად ქვეყანა ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს, სახელმწიფოს კი სხვა მსხვილი ინვესტორების მოზიდვის საშუალებას მისცემს. ინვესტიციის, 33 პროცენტიანი წილის მფლობელი, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე საქართველოა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 700 მილიონი ლარით შეივსება, ეკონომიკა კი 11 მილიარდი ლარით გამდიდრდება.