საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას მიესალმება. ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი მათ ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყეს, როდესაც ეკლესიასა და ტრადიციებზე მიზანმიმართული დარტყმები გაძლიერდა. მისი შეფასებით, რაც უფრო მძლავრი იქნება დაცვის მექანიზმები კანონმდებლობის დონეზე, მით უფრო მაღალი იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხი.
"ჩვენ, "ხალხის ძალამ" ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ 2022 წლიდან დავიწყეთ. ფაქტობრივად, მანამდეც არსებობდა გამოწვევა, თუმცა იმის შემდგომ, რაც "გლობალური ომის პარტიამ" ზეწოლა გააძლიერა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და პირდაპირი დარტყმები წავიდა რწმენაზე, პატრიარქზე, ეკლესიაზე, ტრადიციებზე, სიწმინდეებზე და ა.შ., რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დაცვა, მათ შორის, საკანონმდებლო და აღსრულების დონეზე. ძალიან კარგია ეს ინიციატივა. რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში გვექნება მსჯელობა, თუ ეს ინიციატივა შემოვა, თუმცა მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაწერილი დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ითხოვს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას დაარეგულირებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები (მათ შორის მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია) მიიჩნევენ, რომ მსგავსი კანონი საზოგადოებას სერიოზული დაპირისპირებებისგან დაიცავს.