24 აგვისტო 2026,   20:26
ვრცლად
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები წარუმატებელი იქნება - აბას არაღჩი

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შტატებს შეუერთდება, ჩვენს მტრად ჩაითვლება - ასე ეხმაურებიან ირანში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დაუწესოს ახალი სანქციები ისლამურ რესპუბლიკას და მოაქციოს სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში. თეირანის განმარტებით დამანგრეველ პასუხს გასცემენ თავად ვაშინგტონსაც, თუ ის გეგმის რეალიზებას გადაწყვეტს.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები წარუმატებელი იქნება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ეკონომიკური სანქციები, რომელთა შესახებაც ტრამპმა გამოაცხადა, განმეორებადი სცენარია და ამერიკული პოლიტიკისთვის ჩვეული რამ არის. ეს ფილმია, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა", - განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, ის, რომ ამერიკელი ლიდერები სამხედრო ოპერაციიდან ისევ ძველ გეგმებს უბრუნდებიან, აჩვენებს, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან.

„შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები