ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეთანხმებით, კირიათ-გათში მდებარე "ღაზის საერთაშორისო მხარდაჭერის ცენტრიდან" ნიდერლანდების წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ გააძევებენ და მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მიეცათ.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიდერლანდების მთავრობის ანტიისრაელური პოლიტიკისა და იმ ახალი კანონის საპასუხოდ მიიღეს, რომელიც ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიებზე წარმოებული პროდუქციის იმპორტს კრძალავს:
"კირიათ-გათში მდებარე" ღაზის საერთაშორისო მხარდაჭერის ცენტრიდან" ნიდერლანდების წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ გააძევებენ. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს თანხმობით დღეს მივიღე, ნიდერლანდების მთავრობის ანტიისრაელური ზომების სერიას მოჰყვა. მათგან უახლესია იმ კანონის მიღება, რომელიც კრძალავს იუდეაში, სამარიაში, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანის მაღლობებზე ისრაელის მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობას. აღნიშნული კანონი ძალაში მომავალი თვიდან შევა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობა ამ საღამოს გადაეცა ისრაელში ნიდერლანდების საელჩოს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც. ნიდერლანდების წარმომადგენლებს დაევალათ, ერთი კვირის ვადაში დატოვონ ისრაელი.
ნიდერლანდების მთავრობის ანტიისრაელურ პოლიტიკას თან ახლავს თავად ნიდერლანდებში ანტისემიტიზმისა და ბოიკოტის უპრეცედენტო ტალღა.
ჩვენი გზავნილი ნათელია: მათ, ვინც ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებს, ამ რეგიონში დასაყრდენი არ ექნებათ. ისრაელი არ დაუშვებს, რომ მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები უპასუხოდ დარჩეს,"- აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.