27 აგვისტო 2026,   02:42
ვრცლად
თხილის სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში ათიათასობით ფერმერმა ფინანსური დახმარება მიიღო - ბენეფიციარებს თანხის გამოყენება თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საშუალებების შესაძენად შეუძლიათ

თხილის სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში ათი ათასობით ფერმერმა ფინანსური დახმარება უკვე მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს. ბენეფიციარებს თანხის გამოყენება თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საშუალებების შესაძენად შეუძლიათ.

ადგილობრივი ჯიშების შესწავლა, სხვლა-ფორმირების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები - თხილის წარმოების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აქტიურ მუშაობას აგრძელებს. სპეციალისტები სისტემატურად აწარმოებენ ბაღების მონიტორინგს, იღებენ ნიმუშებს და ატარებენ ლაბორატორიულ კვლევებს. ერთ-ერთი ბოლო კომპლექსური სამუშაოები სამეცნიერო ცენტრმა თხილის ხმობის საკითხზე იტალიელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა.

სახელმწიფოს მიერ თხილის სექტორის მხარდაჭერა მოიცავს 2017 წლიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ სამუშაოებსაც. მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში ყოველწლიურად ასი ათასობით ჰექტარი ტერიტორია მუშავდება. მონიტორინგის შედეგად მავნებლის მაღალი კონცენტრაციის გამოვლენის შემთხვევაში ტერიტორიები რამდენიმეჯერ იწამლება. სპეციალისტები ფაროსანას წინააღმდეგ არაერთ მეთოდს იყენებენ - მათ შორის ქიმიურ წამლობას, თერმულ ნისლსა და სპეციალურ ხაფანგებს.

ქართული თხილი საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნად პროდუქტად რჩება. 2025-26 წლის მარკეტინგულ სეზონზე, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 58 %-ით გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულება ევროკავშირის ბაზარია, სადაც 12 ათას ტონაზე მეტი ქართული თხილი გავიდა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 130 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

თხილის ხარისხის გაუმჯობესება, ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები