დაავადების დროული გამოვლენა და პრევენცია: რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და როგორ უნდა გაიზარდოს ოჯახის ექიმის, პირველადი ჯანდაცვის როლი და ფუნქციები დაავადების მართვის პროცესში – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებთან ერთად განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სიახლეებზე, რომლებსაც პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს.
რეფორმას ჯანდაცვის სისტემა 2025 წლიდან ახორციელებს. მთავარი მიზანი პაციენტებისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაა. სწორედ ამიტომ დაიხვეწა არსებული მოდელი და გაიზარდა სერვისების რაოდენობა, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს მოიცავს.
რეფორმის ფარგლებში შეიცვალა პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების მოდელიც, რაც გულისხმობს როგორც საბაზისო დაფინანსების ზრდას, ისე შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების მექანიზმის ამოქმედებას. შედეგად, ექვსი სამედიცინო დაწესებულებით დაწყებული საპილოტე პროექტი 43 სამედიცინო დაწესებულებამდე გაფართოვდა.
პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პაციენტები. ისინი დადებითად აფასებენ სიახლეებს, რომლებიც პირველივე დონეზე სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებას ითვალისწინებს.
პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი გრძელდება. დაწესებულებებმა განცხადებები ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.