მასშტაბური სტიქია ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე - მაშველები ამ დრომდე ცხედრებსა და დაკარგულებს ეძებენ. ბოლო მონაცემებით, ნეპალში 95 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. მძიმე ვითარებაა ტიბეტშიც, სადაც ბოლო ინფორმაციით, მეწყრის შედეგად გარდაცვლილია 3 მოქალაქე, 265-ს კი ამ დრომდე ეძებენ. მედიის ინფორმაციით, მეწყერი და ძლიერი წყალდიდობა მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე მოხდა.
მაშველებმა ნეპალში 88 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, 65 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ტურისტებიც. ნეპალის ტურისტული საბჭოს ცნობით, დაკარგულია 100-ზე მეტი მოგზაური ინდოეთიდან, 47 აშშ-დან და 33 დიდი ბრიტანეთიდან. სტიქიის ეპიცენტრი სწორედ მოგზაურებისა და მომლოცველებისთვის პოპულარულ ადგილზეა.
კადრებში ჩანს მეწყერი, რომელიც მთებიდან ჩამოწვა და 3 მდინარის კალაპოტები ჩახერგა, რის შედეგადაც წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა და ლაფსა და ქვებთან ერთად სანაპირო რაიონები დატბორა. ვიდეოებში ჩანს, როგორ იტაცებს წყლისა და ტალახის ნაკადი შენობებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს. გადარჩენილები ემოციებს ვერ მალავენ.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნეპალის ჩამპარინის შტატის 6 რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ნეპალის პრემიერმა მოსახლეობას მოთმინების, ჩინეთსა და ინდოეთს კი დახმარების თხოვნით მიმართა. ორივე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ძლიერი ქარის გამო სტიქიის ზონაში ვერტმფრენების გაგზავნა ვერ ხერხდება.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მსხვერპლთა, დაშავებულთა და დაკარგულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, რადგან სტიქიის გამო ეპიცენტრში მუშაობა სრულყოფილად ამ დრომდე ვერც ნეპალში და ვერც ტიბეტში ვერ ხერხდება.