01 სექტემბერი 2026,   22:25
ვრცლად
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდა

9 აპრილს, ინგოროყვას, ჟვანიასა და ლეონიძის ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდა, მიმართულება შეიცვალა ლერმონტოვის ქუჩამაც. შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელია თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა - ეს იმ ცვლილებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში დღეიდან ამოქმედდა. სატრანსპორტო მოძრაობის ახალი სქემა მძღოლებს ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს.

დროებითი სქემის ამოქმედება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთანაა დაკავშირებული, იმისთვის, რომ ავტომობილის მძღოლებმა გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ. დედაქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ალტერნატიულ გზებზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვიდრე მძღოლები ახალი სქემით სარგებლობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის დასრულების შემდეგ, მთავარ გამზირზე სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.

რეაბილიტაციის შემდეგ მოწესრიგდება ტრანსპორტის გადაადგილებაც, რაც რუსთაველის გამზირს უფრო გამტარუნარიანს გახდის.

საავტომობილო გადაადგილების ახალი სქემა დღეიდან ამოქმედდა, დროებითი წესებით სარგებლობა მძღოლებს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში შეეძლებათ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები