22 სექტემბერი 2026,   01:14
ვრცლად
"პარტიების აკრძალვა არის არასწორი" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"პარტიების აკრძალვა არის არასწორი, გინდ საქართველოში ხდებოდეს ეს, გინდ გერმანიაში, გინდ ავსტრალიაში," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" საუბრობს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება:

"ზოგადი დებულებით დავიწყებ. პარტიების აკრძალვა არის არასწორი, გინდ საქართველოში ხდებოდეს ეს, გინდ გერმანიაში, გინდ ავსტრალიაში, იმიტომ, რომ პოლიტიკოსის მოვალეობა არის ოპონენტი სიტყვით დაამარცხოს და როდესაც სიტყვით ვერ ამარცხებს და პოლიციურ ძალას მიმართავ, ეს უბრალოდ პოლიტიკოსის სისუსტეზე მიგვითითებს.

ქმედება ქმედებაა, მაგალითად ვიღაცა ვიღაცას ცემს ან ანგრევს, ან შტურმს აკეთებს, ეს უკვე პოლიტიკური იარაღიდან გასვლაა, ანუ პოლიტიკური დაპირისპირება არის სიტყვით დაპირისპირება და თუ სიტყვის იქით რაღაც ხდება, ამას ისედაც სხვა კანონები არეგულირებს. თუმცა, ჩვენ რეალობაში სულ სხვა რაღაც ხდება. ანუ ორი მნიშვნელოვანი ამბავია - პირველი, რომ ზოგადად, აი ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათი რეალური პრობლემები არ გადაიჭრას. საკონსტიტუციომ რომ დაუდასტუროს "ქართულ ოცნებას", ეს რომც მოხდეს, არაფერი ქართველი ხალხის ცხოვრებაში არ შეიცვლება, არცერთი მათი პრობლემა არ მოგვარდება. იმის ნაცვლად, რომ ვილაპარაკოთ ისეთ პრობლემებზე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს რესურსი, რომ "ქართული ოცნების" ქცევა პრინციპულად შევცვალოთ, ხომ? მაგრამ რომც დავეთანხმოთ, რომ რადგან თქვენ აი ასეთი უცნაური ხალხი ხართ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს კრძალავთ და კი არ ამარცხებთ პოლიტიკურად, არამედ კრძალავთ, მოდით ელემენტარული სამართლებრივი წესრიგი დავიცვათ და უზრუნველვყოთ, რომ თანასწორობა იყოს, თანაბრად ვრცელდებოდეს ყველა მოქალაქეზე,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები