შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მცხეთაში გამართულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების უწყებათაშორის პრაქტიკულ საველე სწავლებაში NEXUS GEORGIA 2026 მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა თადუმაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლაშა მაღრაძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი - თენგიზ სისაური,
თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - ირაკლი ჭიჭინაძე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი სამარღანიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სწავლება მიზნად ისახავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების მიმართულებით სხვადასხვა უწყებების შესაძლებლობების დემონსტრირებასა და შემდგომ გაძლიერებას.
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი.