11 სექტემბერი 2026,   12:53
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების გატარებაში მხილებული "ასავალ დასავალი" - საგამოძიებო უწყებამ გაზეთის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოკითხა

ირაკლი ღარიბაშვილის ინეტესების გატარებაში მხილებული "ასავალ დასავალის" ჟურნალისტი ბოლოა, იმ 11 პირს შორის, ვისთანაც საგამოძიებო უწყებას არაერთი შეკითხვა ჰქონდა. მათ შორის ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის დადასტურებულ ფაქტზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ ღარიბაშვილის მსგავსად, დიტო ჩუბინიძის გაზეთმაც დააყენა. სწორედ მან ჩაწერა, ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუ დავით გარეჯის თემაზე. გავრცელებული აუდიოვერსიით კი გაირკვა, რომ გარდაცვლილს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია გარეჯთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არ ფლობდა დოკუმენტს ან კონკრეტულ მტკიცებულებას, რაც ქართული ტერიტორიების გასხვისებას დაადასტურებდა.

სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ სწორედ "ასავალ დასავალია" შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი კი დამკვეთი დეზინფორმაციულ კამპანიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამართლებრივი პროცესის საწინააღმდეგოდ, ღია პოლიტიკურ თამაშში ჩართულია თავად "ასავალ დასავალის" რედაქტორიც. ლაშა ნადარეიშვილს, რომელიც სოციალური ქსელით ირწმუნებოდა, რომ დავით გარეჯის საიდუმლო რუკების მოძიების ავტორი ირაკლი ღარიბაშვილია, ფაქტები დღეს "ქართული ოცნებიდან" შეახსენეს. რეალურად სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიების უძველესი საარქივო მასალა მოიძია და და საქართველოში ჩამოიტანა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით. ამის შესახებ ხიდაშელი "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდა.

ერთი ნარატივის მქონე ორმა მხარემ, ვერაფერი უთხრა გამოძიებასაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოკითხვაზე დაბარებამდე ღარიბაშვილის გზავნილებს თამამად იზიარებდნენ, დღეს უკვე ერიდებიან პასუხებს კითხვებზე, რომელიც "ასავალ დასავალს" უკავშირდება.

ღარიბაშვილის პოლიტიკური მიზნები უმრავლესობისთვის უკვე ცნობილია. მიუღებელი კი მეთოდია, რომლითაც ყოფილ თანაგუნდელებს უპირისპირდება. ყალბი ბრალდებები ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის დადასტურებულ ფაქტზე, პერსონალური თავდასხმები და ცრუ კამპანია დავით გარეჯთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თქმით, თავად ირაკლი ღარიბაშვილს დააზიანებს.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გაზეთი კორუფციულ დანაშაულში მხილებული ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეაბილიტაციას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობს. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სენსიტიურ თემებზე, მათ შორის დავით გარეჯის სადაო ტერიტორიების რუკების საქართველოში ჩამოტანის საკითხზე, სიცრუის გავრცელებით, ვერც "ასავალ დასავალი" და ვერც თავად ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს გადაფაროს მძიმე დანაშაულები, რომელიც უკვე დადასტურებული, ბრალი კი აღიარებულია.

კორუფციაში მხილებულ ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება კიდევ ერთი დანაშაულის - ქრთამის აღებას ედავება. ოფიციალური ბრალი, რომელიც ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე ზარალის მიყენების სანაცვლოდ, დიდი ფულადი სარგებლის მიღებას გულისხმობს, ღარიბაშვილს უკვე წარედგინა. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები