14 სექტემბერი 2026,   12:54
ვრცლად
შემცირებული დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით - თენგიზ შარმანაშვილი​ ოპოზიციის დაპირისპირებაზე

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" მათგან წასულებს გაყიდულები და მოღალატეები უწოდეს. პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა, რომ ვინმესთან ენის მოჩლექით საუბარს აღარ აპირებენ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური ველი უკვე დაწმენდილია და ვინც ფულზე იყიდებოდა, მათ ეს პროცესი უკვე გაიარეს. ფავლენიშვილის ბრალდებებისთვის სხვა პარტიებიდან ჯერ-ჯერობით არ უპასუხიათ. ოპოზიციაში დაპირისპირების უწყვეტ სერიას მიესალმება მმართველი გუნდი.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ომია გაჩაღებული. 

"არის ომი გაჩაღებული. ყველამ უნდა მოაჩვენოს თავის პატრონს, რომ არ ღირს, რომ იმას მისცეთ ფული, მომეცით მე, იმიტომ, რომ მე უფრო სერიოზულად შემიძლია რაღაცების დაგეგმვა და თქვენი ინტერესების გატარება. დანარჩენი, რასაც უყურებთ, ეს არის მხოლოდ ზედაპირი. სიღრმეში რომ წავიდეთ, არის ეს. იმიტომ, რომ ეს დაფინანსებები იქნება მცირე, ამას დაემატა ისიც, რომ ძირითადი დაფინანსებები, საიდანაც ისინი მარაგდებოდნენ, შემოვლითი გზებით, მაგრამ მაინც, ეს იყო USAID, ეს იყო NED, ეს იყო ის ამერიკული ფონდები, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ დახურა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს შემოსავლებიც მოაკლდა და კიდევ უფრო მცირე გახდა ეს დაფინანსება. ამიტომ, ამ მცირე დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით, იქ არაფერი არ არის", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები