14 სექტემბერი 2026,   15:04
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ვასილ მხეიძეს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.

სასამართლომ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. 

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ ქონება - ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე სახლი, დაბა წყნეთში მდებარე სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ვასილ მხეიძეს ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, თუთუნი, სიგარეტი ღერები, დანადგარები.

დღის ამბები