პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2025 წლის ოქტომბერში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორი მცდელობა იყო. მისი თქმით, ამ პროცესების შედეგად, პასუხისმგებლობა, დაახლოებით 120 ადამიანს დაეკისრა, მათგან 45-მა კი დანაშაული აღიარა და მათ ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ან პრეზიდენტმა შეიწყალა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიან ხასიათზე საუბარი დასრულებულია.
"2024-25 წლებში, ფაქტობრივად 1 წლის ფარგლებში, 2024-ის ნოემბრიდან 2025-ის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, იყო ორი მცდელობა ხელისუფლების ძალადობით დამხობის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობით და 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობით.
ყველას გახსოვთ ეს სურათები, რაც მაშინ ვიხილეთ ჩვენ, მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე. 150 პოლიციელი დაშავდა საერთო ჯამში, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან, ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალეში. ამ ყველაფრის შედეგად, ჯამში დაახლოებით 120 ადამიანი იქნა მიცემული პასუხისმგებლობაში ამ ხელისუფლების ორი ძალადობრივი დამხობის მცდელობისთვის.
120 ადამიანი ჯამში მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ მასშტაბი იმ ძალადობისა, რასაც ადგილი ჰქონდა ევროპის დროშის მოფრიალე მოძალადეების მხრიდან. ამ 120 ადამიანისგან დაახლოებით 45-მა ადამიანმა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს ყველაფერს, რომ ეს რევოლუციური პროპაგანდა მშვიდობიანი აქციების შესახებ დასრულდა.
ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაში არიან ან სხვა მათ აქტივისტებს, პოლიტიკოსები თუ ენჯეოს წარმომადგენლები თუ ატყუებენ, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვეტყვი ამ ადამიანებს, რომ არავინ მათ არაძალადობრივ ხასიათზე აღარ საუბრობს უცხოეთიდან. ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და პასუხისგებაში მიცემული და სწორედ ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.