ფერმერის დღე 2026 - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოვდნენ აგროსექტორის წარმომადგენლები. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
ფერმერის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნეს. დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნეობა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩამოყალიბდა.
"წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ეს შედეგები, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნეობა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩამოყალიბდა, რამაც შექმნა საფუძველი შესაბამის სექტორში ინვესტიციების, წარმოების, გადამუშავებისა და საექსპორტო შესაძლებლობების ეტაპობრივი გაძლიერებისთვის.
დღეს მიღებული შედეგები კი, სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელებაა - პოლიტიკის, რომლის მიზანია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირება, არამედ ძლიერი, კონკურენტუნარიანი და მდგრადი აგროსექტორის ჩამოყალიბება. 2026 წლის სასოფლო-სამეურნეო სეზონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულმა მხარდაჭერის პოლიტიკამ სექტორში რეალური საწარმოო შესაძლებლობები შექმნა. მთავარი შედეგი კი არის ის, რომ ქართული სოფლის მეურნეობა თანდათან უფრო პროდუქტიული, ორგანიზებული და ბაზარზე ორიენტირებული ხდება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.