დღეს ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. დიღმის ძმათა სასაფლაოზე ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. დაიღუპა 108 ადამიანი.
"ჩვენი ვალია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები, სადაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა მებრძოლებმა თავი გაიღეს, თავი მიუძღვნეს ქვეყანას, ჩვენ დავაფასოთ, შევინარჩუნოთ. დღეს პატივს მივაგებთ მათ, ქედს ვიხრი მათ წინაშე და ჩვენი ვალია, რომ ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, სოხუმზე შეტევის დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მცირე ძალებით უწევდათ წინააღმდეგობის გაწევა, რის დასახმარებლადაც მოხალისე ახალგაზრდები სოხუმში გაემგზავრნენ. მისი თქმით, სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ბაბუშერის აეროპორტში მომხდარი ტრაგედია, რის შედეგადაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირება, ნეშტების ამოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება პერიოდულად გრძელდება.
"როგორც ყოველთვის, მოულოდნელად და ავაზაკურად მოხდა ორგანიზებული შეტევა სოხუმზე და ფაქტობრივად მცირე ძალებით საქართველოს შეიარაღებულ შემადგენლობას უწევდა წინააღმდეგობის გაწევა. ზუსტად მათ დასახმარებლად მოხალისეებიდან შეკრებილი ჩვენი ახალგაზრდები, გულანთებული ბიჭები ავიდნენ თვითმფრინავში და სოხუმის დასახმარებლად გაფრინდნენ და მოხდა ის ტრაგედია, რაც მოხდა ბაბუშერის აეროპორტში. ზუსტად დღეს ვიმყოფებით ჩვენ აქ, ვაშლიჯვარში, სადაც პატივს მივაგებთ თავის დროზე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი ბიჭების ხსოვნას. პერიოდულად ხდება მათი იდენტიფიცირება, ამოსვენება, იდენტიფიცირება და მშობლების, ოჯახებისთვის დაბრუნება", - აცხადებს კობა კობალაძე.