"თბილისობა" - დღეს ეს სიტყვა ბევრისთვის კონცერტს, ქუჩის საკვებს, ღვინოს, ძველ თბილისში მოწყობილ ბაზრობებს, მუსიკას და საპატიო თბილისელების დაჯილდოებას ნიშნავს, მაგრამ თბილისობა თავიდან არც ფესტივალი ყოფილა იმ გაგებით, როგორც დღეს გვესმის და არც უბრალოდ ქალაქის დაბადების დღე. მისი იდეა უფრო საინტერესო იყო.
ქალაქისთვის ერთი დღე უნდა შეექმნათ, როცა თბილისი საკუთარ თავს, წარსულსაც და აწმყოსაც ერთად აჩვენებდა. მთავარი ამბავიც აქედან იწყება. 1978 წელი თბილისობის იდეა დაიბადა, ხოლო პირველი სრულფასოვანი დღესასწაული ერთი წლით გვიან გაიმართა. ეპიცენტრი ძველი თბილისი იყო-აბანოთუბანი, რიყე და ისტორიული უბნები. ქალაქში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ადამიანები საკუთარი ანსამბლებით, ხელსაქმით, პროდუქტებითა და სამზარეულოთი, მთავარი სანახაობა მაინც თვითონ ქალაქი იყო.
ძველი თბილისის ყოფა თითქოს რამდენიმე საათით სცენად გადაიქცა...

ქუჩებში გამოჩნდნენ ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები, მათ შორის ძველი თბილისის პერსონაჟებად აღქმული ყარაჩოხელები და კინტოები. აივნებზე ფარდაგები გამოიფინა. მტკვარზე ტივი დაეშვა. ფაეტონებმა ქალაქის ქუჩებში თანამედროვე ტრანსპორტის ნაცვლად, ძველი თბილისის ატმოსფერო შემოიტანეს. იყო ღვინო, მწვადი, თათარა, სოფლის პროდუქტები, ხალხური რეწვა, ღია ცის ქვეშ საწნახელიც კი მოეწყო. ეს ყველაფერი უბრალოდ გასართობი პროგრამა არ ყოფილა. თბილისობას ერთი მთავარი იდეა ჰქონდა - ქალაქის ისტორია ქუჩაში უნდა გაცოცხლებულიყო.

თუმცა ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თბილისობა მხოლოდ წარსულის თეატრალიზებული ჩვენება არ ყოფილა. მასში ძველი ქართული სახალხო დღესასწაულების ელემენტებიც გაერთიანდა. ბერიკაობა, ყეენობა, თელეთობა, მაისობა და სხვა ტრადიციები ახალი ქალაქური დღესასწაულის ნაწილად იქცა. თითქოს ძველი საქართველოს სხვადასხვა სახალხო რიტუალმა ახალი სახელი მიიღო და თბილისის ქუჩებში თავიდან დაიბადა.
თბილისი ყოველთვის განსაკუთრებული ქალაქი იყო იმითაც, რომ აქ ერთმანეთის გვერდით არსებობდა უამრავი განსხვავებული კულტურა, რელიგია, ენა და ცხოვრების წესი. სწორედ ამიტომ, თბილისობის იდეა მხოლოდ ქართული ფოლკლორის ჩვენება არ იყო. ის თავად თბილისის მრავალფეროვნების წარმოჩენასაც გულისხმობდა. ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ხალხის შეხვედრის ადგილი იყო, საკუთარ დღესასწაულზეც სწორედ ამ მრავალფეროვნებით ცდილობდა საკუთარი თავის ჩვენებას.

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ "თბილისში" ჟურნალისტმა და გეოგრაფმა გვანჯი მანიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით "დაწესდეს ახალი დღესასწაული". იდეა მარტივი, მაგრამ საკმაოდ ამბიციური იყო: თბილისსაც ჰქონოდა თავისი დღე, ისეთი დღე, როცა ქალაქი თითქოს მთელი წლის საქმიანობას შეაჯამებდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეს იდეა უკვე კონკრეტულ პროექტად იქცა. თბილისის მაშინდელი ხელმძღვანელობის თათბირებზე თბილისობის შექმნის საკითხი განიხილებოდა, ხოლო ძველი თბილისის იერსახის აღდგენაც ამ ჩანაფიქრის ნაწილად გახდა. 1978 წელს თბილისობის ჩატარება იგეგმებოდა, მაგრამ ვერ მოესწრო. ერთ-ერთი მიზეზი ძველი თბილისის კონკრეტული უბნების მასშტაბური აღდგენის პროექტის სირთულე იყო. მაგალითად, ბარათაშვილის ქუჩის განახლება იმ დროისთვის ძალიან დიდი სამუშაო აღმოჩნდა. მისი პროექტი არქიტექტორებმა შოთა ყავლაშვილმა და გიგა ბათიაშვილმა დაამუშავეს.
თბილისობის ისტორია პირდაპირ იმეორებს თბილისის უახლესი ისტორიის ცვლილებებს. დღესასწაულს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ფორმა ჰქონდა და იყო წლები, როდესაც ქალაქის მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გამო მისი ჩატარება ჩვეულებრივად ვერ ხერხდებოდა. თბილისობის ისტორია მხოლოდ დღესასწაულებით არ შედგება. იყო პერიოდიც, როცა თბილისობა საერთოდ გაქრა. 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დღესასწაული აღარ ჩატარებულა და 1990-იანი წლების მძიმე პერიოდის განმავლობაში ქალაქს ზეიმისთვის აღარ ეცალა.
თბილისობა მხოლოდ 1995 წელს აღდგა. მას არ ჰქონია უწყვეტი ისტორია, მაგრამ შეწყვეტის შემდეგაც დაბრუნდა. თბილისობას მალევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია დაუკავშირდა. ქალაქს საკუთარი ადამიანებიც უნდა გაეხსენებინა. საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებდნენ ადამიანებს, რომლებმაც თბილისში ან საქართველოს ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს.

დღეს თბილისობა უკვე სხვა მასშტაბის მოვლენაა. თბილისიც შეიცვალა და შესაბამისად შეიცვალა დღესასწაულიც. თუ პირველი თბილისობის მთავარი სცენა ძველი თბილისის ქუჩები და მტკვრის სანაპირო იყო, თანამედროვე თბილისობა ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ნაწილდება. კონცერტები, გამოფენები, ბაზრობები, ღვინისა და ქართული სამზარეულოს სივრცეები, საბავშვო ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთები, სპორტული აქტივობები და ქუჩის წარმოდგენები ერთმანეთის გვერდით არსებობს. თუმცა ბევრი რამ მაინც უცვლელი დარჩა - ღვინო, მუსიკა, საჭმელი, ხელოსნები, ძველი თბილისი და ადამიანები... ალბათ, ამიტომაც არ არის თბილისობა უბრალოდ ქალაქის ფესტივალი. ფესტივალს პროგრამა აქვს და ის კონკრეტულ დღეს იწყება და მთავრდება.